GfK - ევროპაში საშუალო მსყიდველუნარიანობა 5,8%-ით გაიზარდა

საშუალო ევროპელის მსყიდველუნარიანობა წელს 5,8%-ით, 17,7 ათას ევრომდე გაიზარდა. ეს მონაცემები კვლევითი კომპანია GfK-ის ბოლო ანგარიშში წერია.

კომპანიამ ევროპელთა მთლიანი მსყიდველობითი უნარი წელს 12,1 მლრდ ევროდ შეაფასა.

მსყიდველუნარიანობის მხრივ, ერთ სულ მოსახლეზე 68,8 ათასი ევროთი პირველ ადგილზე ლიხტენშტეინია, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე, თითქმის, ოთხჯერ მეტია. შემდეგი 49,6 ათასი ევროთი შვეიცარიაა, რომელსაც ევროპულ საშუალოზე, თითქმის, 2,8-ჯერ მეტი მაჩვენებელი აქვს. მესამე ადგილზე 40,9 ათასი ევროთი ლუქსემბურგია. ეს ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე 2,3-ჯერ მეტია.

წლევანდელ ტოპ 10-ეულში შემავალ ყველა სხვა ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე, ასევე, მეტად მაღალი მსყიდველუნარიანობა აქვს, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე, მინიმუმ, 47%-ზე მეტია. ეს ქვეყნებია: ისლანდია, დანია, ირლანდია, ავსტრია, ნორვეგია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

ზრდის თვალსაზრისით გამარჯვებული ირლანდიაა: მას შემდეგ, რაც ეს კუნძულოვანი სახელმწიფო შარშანდელ ათეულში ძლივს მოხვდა, წელს მან ოთხი ადგილით დაწინაურება შეძლო და ერთ სულ მოსახლეზე 26,882 ევროს მსყიდველუნარიანობით მეექვსე ადგილი დაიკავა. ირლანდიელები ევროპულ საშუალო მაჩვენებელს ზუსტად 52%-ით აღემატებიან.

ისლანდიამ და დანიამ გასული წლის შემდეგ წინ თითო ადგილით წაიწიეს და მეოთხე-მეხუთე პოზიცია დაიკავეს, ხოლო ავსტრია ორი პოზიციით დაწინაურდა და მეშვიდე ადგილზეა. მეორე მხრივ, ნორვეგია ოთხი ადგილით, გერმანია - ერთით, გაერთიანებული სამეფო კი სამი პოზიციით ჩამოქვეითდა. ეს სამი ქვეყანა მსყიდველუნარიანობის ათეულის ბოლო ადგილებზეა.

საერთო ჯამში, გამოკითხული 42 ქვეყნიდან 16-ის მონაცემები საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე მაღალია. საპირისპიროდ, 26 ქვეყნის მონაცემები საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. მათ შორის არის ესპანეთი, რომლის მსყიდველუნარიანობაც ერთ სულ მოსახლეზე 16,449 ევროს შეადგენს. ეს ევროპის საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ დაბალია.

წინა წლების მსგავსად, უკრაინა კვლავ რეიტინგის ბოლოშია, სადაც მსყიდველუნარიოანობა ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 2478 ევროს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებლის ზუსტად 14%-ია.

რუსეთი რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ