EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. შეხვედრა რუსთაველის თეატრში EBRD-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.

"ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ საქართველოს მთავრობის სახელით და მადლობა გადაგიხადოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმში მონაწილეობისათვის. ასეთი ფორუმი პირველად ტარდება ჩვენს რეგიონში, რაც კიდევ უფრო საამაყოს და საპასუხისმგებლოს ხდის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და ხაზს უსვამს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივ, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც გასულ წელს პრაქტიკულად გაორმაგდა ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა. ჩვენი თანამშრომლობის 22 წლის განმავლობაში მთლიანად ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა გამჭვირვალობის და ღია მმართველობის თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მეტად დამკვიდრებისა და განმტკიცების გზაზე; სწორედ იმ ძირეული ღირებულებების დამკვიდრების გზაზე, რომლებიც მთავარია ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი საქართველოში 14-15 მაისს იმართება.