საერთაშორისო ტურ ოპერატორი Pegas touristik-ი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კომპანიამ საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა.
როგორც Pegas touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „მონეტიზაციაში“ განმარტა, მიზეზი ის პანიკა და შიშია, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაუჩნდა. სალომე ბერაიას თქმით, ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი აღმოჩნდა იმ 24 ქვეყანას შორის, სადაც Pegas touristik-ი ოპერირებს, ვინაიდან სხვა არც ერთ სახელმწიფოს შარმ-ელ შეიხის მიმართულებით ფრენები არ შეუჩერებია.
Pegas touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ეგვიპტეში მოგზაურობა საფრთხეს არ წარმოადგენს, რასაც თუნდაც ის გარემოება ადასტურებს, რომ შარმ-ელ შეიხზე მდებარე სასტუმროებში „თავისუფალი ადგილების დაჯავშნა ჭირს“.
„სამწუხაროდ, საქართველოში პანიკაა და ამ პანიკის ჩაცხრომა ვერ მოხერხდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბაზარი უფრო ემოციური და უფრო იმპულსურია. ადამიანურად გასაგებია ჩვენი მომხმარებლის პოზიცია, როცა მათ ეშინიათ, აქვთ გარკვეული კითხვები, არ იციან, რამდენად უსაფრთხოა კონკრეტული მიმართულებით ფრენა, თუმცა ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ როგორი უსაფრთხოა ეგვიპტეში მოგზაურობა - თავად ვიყავით წასული დიდ ჯგუფთან ერთად და ამაში პირადად დავრწმუნდით. ამ მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გადადგა ნაბიჯი და ეგვიპტესთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ავიამიმოსვლის შეჩერება არ იყო განპირობებული ეგვიპტის მიზეზით და იმით, რომ იქ ფორსმაჟორული სიტუაცია და დაძაბულობაა - ეს იყო კომერციული გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ შევხედეთ არსებულ სიტუაციას: ყოველდღიურად შემოდიოდა ზარები ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ჯავშნების გაუქმებას. როცა მომხმარებელი მოგმართავს თხოვნით, რომ გააუქმო ტურ-პაკეტი, რადგან აქვს შიში, პანიკა, ძნელია აუხსნა, რატომ ვერ უუქმებ საგზურს და რომ ეს დაკავშირებულია საჯარიმო სანქციებთან და საკმაოდ დიდ თანხებთან, გააჩნია რა ღირებულების ტური და რამდენ ვარსკვლავიანი სასტუმროა შეძენილი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ რადგან მეზობელ სახელმწიფოებში ომია, ის მთლიანად დაიბრუნებს საფასურს, რაც გადახდილი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, როცა კონკრეტულად იმ ქვეყანაში არ არის გამოცხადებული ფორსმაჟორი, სადაც მოგზაურობაა დაგეგმილი, ბუნებრივია, ეს ასე არ ხდება.
რაც შეეხება უშუალოდ ეგვიპტეს, მოგეხსენებათ, რომ ის არ არის ჩართული აღნიშნულ ომში და მეტიც, პირიქით, ცდილობს მაქსიმალურად დატვირთოს საკუთარი კურორტები და სასტუმროები, რადგან ტურიზმი მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. ეგვიპტე ტურიზმის მუშაობით აჩვენებს, რომ იქ არის სიმშვიდე“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენების შეჩერების თაობაზე Pegas touristik-ის მიღებული გადაწყვეტილება 31 დეკემბრამდე პერიოდს შეეხება.
„ფრენები 31 დეკემბრამდე შევაჩერეთ. ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნიდან კი ჩვენი კომპანია აგრძელებს შარმ-ელ შეიხის მიმართულებით ოპერირებას. გამონაკლისია მხოლოდ საქართველო! ასეთია ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნამ ძალიან იკლო და ასევე, არ გვინდოდა გაგვებრაზებინა ჩვენი მომხმარებლები, რომლებსაც სურდათ ტურ-პაკეტების გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება.
ვისაც უკვე დაჯავშნილი ჰქონდა ნოემბრისა და დეკემბრის მოგზაურობა, თანხები უკან დაუბრუნდა, ბევრმა კი, ვისაც სურდა, რომ მოგზაურობა იანვარში გადაეტანა, ეს გააკეთა“, - აღნიშნა Pegas touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „მონეტიზაციაში“.