როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მაიკლ ჯორდანი მილიარდებს

ოფიციალურად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდა მაიკლ ჯორდანი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენია, რომელიც 3 მილიარდ დოლარს ფლობს.

ის ახლახან გახდა პირველი სპორტული ვარსკვლავი, რომელიც Forbes-ის ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა. თუმცა შესაძლოა, თქვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ მან ეს სიმდიდრე კალათბურთის გარეთ დააგროვა.

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო NBA ვარსკვლავია. ის 1984-1998 წლებში “ჩიკაგო ბულზში“ თამაშობდა, საბოლოო ჯამში ექვსი NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული გახდა. 2001 წელს ჯორდანი შეუერთდა „ვაშინგტონ უიზარდსს“, თუმცა 2003 წელს წასვლის შესახებ განაცხადი გააკეთა.

Forbes-ის ინფორმაციით, მისი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში გამომუშავებულმა თანხამ 90 მილიონი დოლარი შეადგინა.

სპორტულმა ლეგენდამ თავისი ფულის უმეტესი ნაწილი უშუალოდ კალათბურთის თამაშიდან არ გამოიმუშავა, მას ამაში ბრენდებთან დადებული გარიგებები დაეხმარა, მათ შორის Nike, Coca-Cola და McDonald's-თან.

ერთ-ერთი გამორჩეული გარიგება იყო 1991 წელს, გატორადთან დადებული “ათწლეულის შეთანხმება“, რომლის მიხედვითაც მას ყოველწლიურად 1,4 მილიონი დოლარი ეკუთვნოდა. Forbes-ის თანახმად, აქედან ჯორდანმა 2,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

Nike-თან თანამშრომლობის შედეგად, ის დღესაც გამოიმუშავებს ასობით მილიონ დოლარს. Nike 2018 წლიდან მოყოლებული, Jordan-ის ბრენდთან ერთად ქმნის სპორტულ ფეხსაცმელს, რის შედეგადაც საშუალოდ წლიურად 2 მილიარდ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ჯორდანი კი ყოველ შენაძენზე 5%-იან ჰონორარს იღებს.

ამასთან, ჯორდანმა მონაწილეობა მიიღო 1996 წლის ბლოკბასტერში Space Jam. ფილმმა გამოიმუშავა 230 მილიონი დოლარი. აქედან სპორტსმენის გასამრჯელო 20 მილიონი დოლარი იყო.

2020 წელს ESPN-მა და Netflix-მა ერთობლივად მოამზადეს 10-ნაწილიანი მინი სერიალი სახელწოდებით The Last Dance, რომელიც "სუპერვარსკვლავის მაიკლ ჯორდანისა და 1990-იანი წლების ჩიკაგო ბულზის აღზევებას" მოგვითხრობს. Forbes-ის თანახმად, ვარსკვლავმა ამ სერიალიდან 4 მილიონი დოლარი მიიღო.

ამას გარდა, მისი შემოსავლის კიდევ ერთი წყარო არის სამახსოვრო ნივთების გაყიდვები. მაგალითად, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მან 1997 წლის NBA-ს ფინალში "გრიპის თამაშის" დროს ითამაშა, 2013 წლის აუქციონზე 104,765 დოლარად გაიყიდა.

ცოტა ხნის წინ ჯორდანის მაისური, რომელიც მას 1998 წლის NBA ფინალში ეცვა, 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1993 წელს კალათბურთელმა დააარსა “მაიკლ ჯორდან სტეიკ ჰაუსის“ ქსელი, რომელიც ამჟამად ჩიკაგოში, კონექტიკუტსა და ვაშინგტონში ფუნქციონირებს. გარდა ამისა, მან დააარსა 1000 North რესტორანი იუპიტერში, სამხრეთ ფლორიდაში.

ჯორდანი ასევე არის მაღალი დონის ტეკილას ბრენდის Cincoro Tequila-ს თანადამფუძნებელი. თითო ბოთლი ტეკილა 350 დოლარი ღირს.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მაიკლ ჯორდანი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ფლორიდაში მდებარე ვილაში. Business Insider-ის ცნობით, მან იყიდა მიწა, რომელზეც მოგვიანებით 7,6 მილიონი დოლარიანი სასახლე აშენდა. ქონება მოიცავს 28,000 კვადრატულ ფუტს და 11 საძინებელს.

ჯორდანის ქონების პორტფელი ასევე მოიცავს ორ სახლს ჩრდილოეთ კაროლინაში. პირველი არის 2,8 მილიონი დოლარიანი სახლი ნორმანის ტბაზე, რომელიც 2013 წელს შეიძინა. რეზიდენციაშია 6 საძინებელი, 8 სააბაზანო და კერძო ტბა. მეორე არის მდიდრული ბინა შარლოტის ცენტრში.

როგორც მოსალოდნელი იყო, მილიარდერი სპორტული ვარსკვლავი ფლობს პირად თვითმფრინავს, რომელიც 61,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ასევე ფლობს 21 მილიონ დოლარად შეფასებულ სუპერიახტას და სუპერქარების კოლექციას.

მის შთამბეჭდავ კოლექციაში შედის: Chevrolet Corvette C4, Porsche 930 Turbo Cabriolet, Aston Martin, McLaren-Mercedes SLR 722 და Bugatti Veyron Sang Noir.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი