ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართა. როგორც ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, საქართველო სთავაზობს ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონებს, ჯანსაღ საარბიტრაციო პროცედურებს, სანდო სასამართლო და სანოტარო სისტემებს, სასამართლო განჩინებათა სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას, საჯარო მონაცემთა ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის ღიაობას, ასევე ხელმისაწვდომ, სწრაფ და გამჭვირვალე საჯარო მომსახურებას.

"გონივრული, მინიმალური და მიზანდასახული რეგულაციების დაწესებამ ქვეყანა აქცია ჯანსაღი ბიზნესის კეთებისა და წარმოების ჰაბად. წინასწარი გათვლებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2014 წელს საქართველოში შეადგინა 1 მილიარდ 272 მილიონი დოლარი, რაც 35 პროცენტით მეტია წინა, 2013 წლის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი საუკეთესოა 2007 წლის შემდგომ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.