31 ივლისიდან ყველა სიგარეტი ერთნაირი სადა შეფუთვით გაიყიდება - ბიზნესს ძველი, ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის ამოყიდვა 2025 წლის აპრილამდე შეეძლება

2024 წლის 31 ივლისიდან საქართველოში ყველა სიგარეტი ერთგვაროვანი სადა შეფუთვით გაიყიდება, თუმცა ბიზნესს საშუალება ექნება 31 ივლისამდე ბაზარზე განთავსებული ძველი პროდუქცია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე ამოყიდოს. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ამ ცვლილებაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინონ საკუთარი პროდუქტის სრულად რეალიზაცია.

„მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და, მეორე მხრივ, მინიმალიზებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე.

ცვლილების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

თაია არდოტელი