უკრაინული „ნაფტოგაზი“ ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტზე „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას აღარ განაახლებს, რასაც 2024 წლის ბოლოს გასდის ვადა. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა, ალექსეი ჩერნიშოვმა უკრაინულ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, „როცა ხელშეკრულება დასრულდება, მიწოდებაც დასრულდება.“
ჩერნიშოვი ამბობს, რომ უკრაინის ომის პირობებში ამჟამად ტრანზიტი მხოლოდ რუსულ გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნების მხარდასაჭერად გრძელდება.
„ტრანზიტის სხვა მიზეზები აბსოლუტურად არ არსებობს. დღეს ევროკავშირის ზოგიერთ, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებს, რომლებსაც ზღვაზე გასასვლილი არ აქვთ, ვერ მოვაკლებთ შესაძლებლობას, მიიღონ ლურჯი საწვავი და ზამთრისთვის მოემზადონ. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და დღეს მათ ეს მოცულობები სჭირდებათ,“ - აცხადებს ჩერნიშოვი.
კითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა უკრაინა კონტრაქტს, თუ ამას ევროკავშირის ქვეყნები მოითხოვენ, ჩერნიშოვმა უპასუხა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებდა, რადგან ევროპიდან ჯერჯერობით ასეთ სიგნალებს ვერ ხედავს.
„გაზპრომმა“ და „ნაფტოგაზმა“ მოქმედ ხუთწლიან კონტრაქტს 2019 წლის ბოლოს მოაწერეს ხელი. შეთანხმების პირობების მიხედვით, რუსეთმა ამ პერიოდში ევროპას უკრაინის გავლით 225 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს, ხოლო უკრაინა გადასახადს ტრანზიტიდან იღებს. რუსეთი უკრაინის გავლით გაზის სატრანზიტო გადასახადს დღემდე იხდის, რასაც მას ევროპული კონტრაქტები ავალდებულებს.
მიმდინარე წლის აგვისტოში ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა „რუსებთან მომლაპარაკებელი მხარე ნამდვილად აღარ იქნება.“
„მართლა ვერ წარმომიდგენია ორმხრივ საფუძველზე ამის შესაძლებლობა. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ვამზადებთ ჩვენს სისტემას მიწოდების შესამცირებლად,“ - განუცხადა მაშინ მინისტრმა Financial Times-ს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ