ისრაელის ეკონომიკა შესაძლოა, 11%-ით შემცირდეს

ისრაელში დაწყებული ომის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა, 11%-ით შემცირდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანია JPMorgan Chase & Co.-ზე დაყრდნობით წერს.

2022 წლის მეოთხე კვარტალში, ქვეყნის ეკონომიკა 5,8%-ით, წლიურ ჭრილში კი 6,5%-ით გაიზარდა. JPMorgan-ი თვლის, რომ ისრაელის მშპ 2023 წელს ჯამში მხოლოდ 2,5%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს - 2%-ით. ანალიტიკოსების განცხადებით, რისკები დაღმასვლისკენ არის მიმართული. მათ დასძინეს, რომ ისრაელის ეკონომიკაზე ომის გავლენის შეფასება კვლავ რთულია, ისევე, როგორც კონფლიქტის მასშტაბისა და ხანგრძლივობის შესახებ, თუმცა მოლოდინები ჯამში ნეგატიურია.

ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ ომი სერიოზულ ბზარს აჩენს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ნდობის მიმართ.

Bloomberg-ი წერს, რომ რეკორდულად უფასურდება შეკელიც, რომელიც ასეთ სავალალო მდგომარეობაში 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა. ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა თავისი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 23 ოქტომბერს 4,75%-ზე დააფიქსირა. მონეტარული პოლიტიკის მკაცრი გადაწყვეტილება შეკელის დასახმარებლად მიიღეს.

ნეთანიაჰუს მთავრობამ დაახლოებით 350 000 რეზერვისტი გამოიძახა - ყველაზე მეტი ისრაელის ისტორიაში - ომის დაწყების შემდეგ. ეს ქვეყნის სამუშაო ძალის 5%-ზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბერს გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმით დაიწყო.

ეკა დარჩიაშვილი