„ამ ბიუჯეტს არაფერი ეტყობა ქამრების შემოჭერის - პირიქით, აღარც მალავენ, რომ პრიორიტეტულია ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა“

„ამ ბიუჯეტს არაფერი ეტყობა ქამრების შემოჭერის - პირიქით აღარც მალავენ, რომ პრიორიტეტულია ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა,“ - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარმა ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „საქმე“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ბიუჯეტს არაფერი ეტყობა ქამრების შემოჭერის. პირიქით, მგონი უკვე აღარც მალავენ, რომ პრიორიტეტულია ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აღარც უხსენებიათ პრინციპში ბოლო თვეებია. ხელფასები იზრდება ყველგან აბსოლუტურად სახელმწიფო სექტორში. ასევე 300 ადამიანით იზრდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამინების რაოდენობა,“- აღნიშნა ბესო ნამჩავაძემ.

მისივე შეფასებით, „ბიუჯეტში ჩანს, რომ პრიორიტეტი მაინც სოციალური ხარჯების ზრდაა და არა განათლება, ინფრასტრუქტურა, რაც დიდი მიმართულებებია“.

როგორც ბესო ნამჩავაძე ამბობს, ბიუჯეტი არ უნდა იყოს მხოლოდ სოციალური პრობლემების გადაწყვეტის წყარო, მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც სიღარიბე იმიტომ არ აქვს, რომ ბიუჯეტიდან ბევრ ფულს ხარჯავს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა. პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 27.8 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი პროექტით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 24.161 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2.281 მლრდ ლარით მეტია. წელს ბიუჯეტის გეგმა 21.880 მლრდ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

თაია არდოტელი