ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ვიდრე მოსახლეობა გამათბობლების გამოყენებას დაიწყებს, საჭიროა, რომ მისი გამართულობა შემოწმდეს

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ვიდრე მოსახლეობა გამათბობლების გამოყენებას დაიწყებს, საჭიროა, რომ მისი გამართულობა შემოწმდეს.

როგორც მან, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აუცილებელია, რომ სახლი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიავდეს და დეტექტორები დამონტაჟდეს, რაც ნელ-ნელა უსაფრთხო გარემოს შექმნის.

„ჩვევაში მივიღოთ, რომ წელიწადში ერთხელ, ვიდრე ჩვენს დანადგარებს ჩავრთავთ, ცენტრალური იქნება ეს თუ ადგილობრივი ან წყლის გამათბობელი და ა.შ, მოვიყვანოთ სპეციალისტი და მთლიანად შეამოწმოს ისინი. ვიდრე გათბობას ჩავრთავთ ან რაიმე გამაცხელებლის მოხმარებას აქტიურად დავიწყებთ, [გავიგოთ] რა მდგომარეობაშია ის. შემთხვევით, ხომ არ არის გასაწმენდი, მწყობრიდან ხომ არ გამოდის. ეს ელემენტარულად, მხოლოდ უსაფრთხოების თემატიკას კი არ ხსნის. ასევე ხსნის იმას, რომ შეიძლება გათბობა ჩავრთოთ, რაღაც მიზეზის გამო გაგვიფუჭდეს, გამოირთოს ძალიან ცივ დღეს. ეს იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში, ის მოსაწესრიგებელი იყო. მან ზაფხული ან ერთი-ორი სეზონი ისე გამოიარა, რომ ხელი არ გვიხლია და [შესაძლოა,] რაღაც გასასუფთავებელი იყოს. ეს მერე მიდის იქითკენ, რომ შეიძლება უსაფრთხო არ იყოს.

ასევე, უნდა მივეჩვიოთ, რომ გარემო, დახურული სივრცე დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავანიავოთ. ეს როგორც ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი, ასევე დაგროვებულ, უარყოფითი ნამწვი იქნება თუ რაიმე სხვა, თავიდან აგვაცილებს. საერთოდაც, ჩვევაში თუ მივიღებთ, რომ რაღაც პატარა ღიობი მაინც იყოს მუდმივად სახლში გადმოხსნილი, ეს მთლიანად აგვარიდებს ყველანაირ უბედურებას. ასევე, ჩვენივე ინიციატივით დეტექტორების დამონტაჟება უნდა დავიწყოთ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უსაფრთხო გარემოს შევქმნით",- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.