რუსული Red Wings თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ყაზანიდანაც იწყებს. ინფორმაცია ავიაკომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება.
თბილისის მიმართულებით ფრენები 13 ნოემბრიდან, ყოველ სამშაბათსა და კვირას, ხოლო ყაზანი-ქუთაისის რეისი 3 დეკემბრიდან, ასევე, ყოველ სამშაბათსა და კვირას შესრულდება.
ცნობისთვის: ავიაკომპანია, Red Wings ფრენების დაწყებას მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით 3 ნოემბრიდან, ეკატერინბურგი-თბილისის მიმართულებით 2 ნოემბრიდან, ხოლო ეკატერინბურგი-ქუთაისის მიმართლებით 31 ოქტომბრიდან გეგმავს. მოსკოვი-ბათუმის რეისი „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან კვირაში სამჯერ შესრულდება, მოგვიანებით კი მათი სიხშირე 5-მდე გაიზრდება. რაც შეეხება რეისებს ეკატერინბურგიდან, ისინი კოლცოვოს აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველ სამშაბათსა და კვირას, ხოლო თბილისში ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
რუსული ავიაკომპანია ყველა ფრენას SSJ 100-მოდელის თვითმფრინავებით განახორციელებს.
თათრეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ხელმძღვანელმა, რამილ მიფტახოვმა RBC Tatarstan-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ყაზანიდან საქართველოში ფრენების გახსნას 19 მაისის შემდეგ ელოდებოდნენ, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები აღდგა.
„ჩვენ ველოდით, თუ როდის მოაღწევდა ეს საქმე რეგიონებამდე, რასაც ბოლოს და ბოლოს, ვეღირსეთ. ვფიქრობ, ამ მიმართულებაზე მოთხოვნა დიდი იქნება, რადგან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო საყვარელი ქვეყანაა. თათრეთის მცხოვრებლებს უყვართ ეს მიმართულება სტუმართმოყვარეობის, სამზარეულოსა და ფასების გამო,“ - აცხადებს რამილ მიფტახოვი.
მისი თქმით, ტურების პაკეტის ღირებულება საკმაოდ კომფორტულია. თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ:“ ეს მიმართულება ყველაზე პოპულარული მხოლოდ ზაფხულშია და ზამთარში ამ რაოდენობის ფრენები არ შესრულდება. თუმცა მიფტახოვი მაინც მოელის, რომ „საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენება, ასევე, სამედიცინო მიმართულებები მოთხოვნადი იქნება, ხოლო ბევრ ყაზანელს უბრალოდ საქართველოში ჩაფრენის სურვილი ექნება.“
მისი თქმით, დადებითი მოვლენა იქნება, თუკი მომავალი ზაფხულისთვის ყაზანიდან ფრენები ბათუმის მიმართულებითაც, თანაც, კვირაში 3-4 რეისით დაიწყება.
„ამ ხნის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროს ამ მონაკვეთზე უამრავი სასტუმრო ობიექტი აშენდა. შესაბამისად, ფასების პოლიტიკა მეტად თანმიმდევრული და კომფორტულია. ზაფხულში პლაჟზე დასასვენებლად ამ მიმართულებაზე ყაზანიდან შესაძლოა, დიდი მოთხოვნა დაფიქსირდეს,“ - ამბობს ექსპერტი.
5 ივლისს „როსავიაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ავიაკომპანიებმა, Red Wings-მა, თათრეთის UVT Aero-მ და Pobeda-მ ყაზანიდან საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და ქუთაისში ფრენებზე ნებართვა მიიღეს. თათრეთის UVT Aero-ს ბათუმში ფრენა კვირაში 3-ჯერ, Pobeda-ს კი ოთხჯერ სურდა. ამასთან, UVT Aero ქუთაისის მიმართულებით კვირაში სამი რეისის შესრულებას გეგმავდა, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ თათრეთის ავიაკომპანიაზე ქვეყანაში ფრენის ნებართვა არ გასცა.
რაც შეეხება თბილისის მიმართულებას, „როსავიაციამ“ მაშინ თათრეთის დედაქალაქიდან ამ რეისის შესრულებაზე ნებართვა არ გასცა. შესაბამის ნებართვას ავიაკომპანია Red Wings კვირაში 7-ჯერ ფრენისთვის, UVT Aero კვირაში 3-ჯერ, Pobeda 5-ჯერ, ხოლო Nordwind 2 რეისის შესრულებისთვის მოითხოვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ