ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ კუბერნატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

„მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და აღინიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობას და ორივე მხარის მზაობას, რომ იმუშაონ ამ მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში იანა გაშპარიკოვა ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.