გიორგი ქადაგიძე სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, იუჰა კაჰკონინს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და გამოწვევების განხილვა იყო.  როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან ის პარტნიორობა და თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეროვნულ ბანკს აკავშირებს. "იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულიად მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ისევე როგორც მხარს უჭერს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, მსოფლიო ბანკი და ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ყველა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები მხარს უჭერენ ჩვენს მიერ განხორციელებულ პოლიტიკას მხოლოდ ერთი მიზეზით, იმიტომ რომ, ეს არის დღეს ერთადერთი სწორი პოლიტიკა", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, მომდევნო კვირაში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა და შეხვედრაზე განიხილეს მონაცემები და მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომელთა ირგვლივაც ფონდის მისიის ვიზიტის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება.