სუმა ჩაკრაბარტი პრემიერ-მინისტრს: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენ შესანიშნავ გუნდს, ნოდარ ხადურის უნარიანი ხელმძღვანელობით

თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ EBRD-ის 24-ე ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე დიდი სიამოვნებით მოგესალმებით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ულამაზეს ქალაქ თბილისში. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ადგილი, სადაც ვატარებთ ამ ღონისძიებას, რუსთაველის თეატრში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს შესანიშნავ გუნდს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის უნარიანი ხელმძღვანელობით. საქართველოს აქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც მან გაიარა ტრანსფორმაციის გზაზე, მაგრამ შეინარჩუნა თავისი კულტურის მდგრადობა. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც უკვე 25 წელია, ვითარდება, შეიძლება ითქვას, მას აქვს გრძელვადიანი ხედვა და მოწადინება. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც მან უკვე მიაღწია. თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ და ამ კონტექსტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, EBRD-მა, გარდა იმ ინვესტიციებისა, რომელიც თვითონ განახორციელა საქართველოში, უამრავი ინვესტორი შემოიყვანა ქვეყანაში.