ბანკებს სარეზოლუციო ფონდის შექმნა მოუწევთ, რომელიც საფინანსო კრიზისის დროს ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია IMF და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის, ისე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.

კანონში განსახორციელებელი ცვლილება ითვალისწინებს სარეზოლუციო ფონდის შექმნას.

მომხსენებლის განმარტებით, ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა საფინანსო სისტემის კრიზისის დროს, რეზოლუციის მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის სარეზოლუციო ფონდში წინასწარ აკუმულირებულიყო ფულადი სახსრები, რომელთაც საბანკო სექტორი უზრუნველყოფდა წინასწარი შენატანებით, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო კრიზისის დროს სახსრებზე ხელმისაწვდომობას და ფინანსურ სტაბილურობას.

მისი თქმით, სარეზოლუციო ფონდში წინასწარ თანხების აკუმულირება ბანკების მიერ შენატანების განხორციელებით, წარმოადგენს საფინანსო სისტემისთვის დამხმარე მექანიზმს. ეს არ გამორიცხავს რეზოლუციის მიზნებისთვის დროებითი სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები ფინანსური კრიზისის დროს არ იქნება საკმარისი რეზოლუციის პროცესის დასაფინანსებლად.

„არასისტემური ბანკებისთვის დეპოზიტების დაზღვევის სქემა რამდენიმე წელია არსებობს, რომელიც თავს ართმევს პრობლემის მოგვარებას ისეთ ბანკებში, რომლებიც არ არიან სისტემურად მნიშვნელოვანი, ხოლო სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისთვის საჭიროა დამატებითი უზრუნველყოფის მექანიზმების გაჩენა, რასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

თაია არდოტელი