ანექსირებულ ყირიმში, სოფელ ლივადიაში მდებარე ზელენსკების წყვილის ე.წ. ნაციონალიზებული ბინა აუქციონზე გაიყიდა. მყიდველმა მასში 44,3 მლნ რუბლი (482 ათას დოლარამდე) გადაიხადა. ინფორმაციას „იზვესტია“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბინის მყიდველი ვინმე ოლგა ლიპოვეცკაიაა. Telegram-არხ Mash-ის ცნობით, ლიპოვეცკაია რამდენიმე შპს-ის გენერალური დირექტორია. მან Mash-ს განუცხადა, რომ ზელენსკას (პრეზიდენტის მეუღლის) პენტჰაუსი „თავისთვის და თავისი ოჯახისთვის” შეიძინა. ლიპოვეცკაიას ქმარი მოსკოველი ადვოკატი, ივან ტუჩკოვია.
დოკუმენტის ასლში, რომელიც რედაქციამ მოიპოვა, ასევე, ნახსენებია პოტენციური მყიდველი, ვინმე კალნიცკაია, რომელმაც ბოლო შეთავაზება 43,1 მლნ რუბლის (469 ათასი) ოდენობით წარადგინა. Krym.Realii-ის ცნობით, აუქციონში სულ ორი მყიდველი მონაწილეობდა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეზე რეგისტრირებული ბინა 23,9 მლნ რუბლად (260 ათას დოლარად) შეაფასა. ბინის ე.წ. ნაციონალიზაცია ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მაისში მოახდინა.
Reuters-ის ცნობით, ელენა ზელენსკაიამ იალტაში სამოთახიანი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „იმპერატორში,“ თითქმის, 164 ათას დოლარად 2013 წელს შეიძინა. ზელენსკამ ბინა უკრაინელი დეპუტატისა და ბიზნესმენ ალექსანდრე ბურიაკისგან იყიდა. ის, ასევე, ზელენსკის შტაბის წევრი იყო და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დამკვირვებლად მუშაობდა.
მოგვიანებით ზელენსკის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის მეუღლემ უძრავი ქონება ყირიმში რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის „უკანონო ანექსიამდე, უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და საბაზრო ფასად შეიძინა.”
ანექსირებული ყირიმის რუსულმა ხელისუფლებამ უკრაინელი ფიზიკური პირების 700-მდე ქონების ე.წ. ნაციონალიზაციაზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო. ამ ქონების მფლობელებს შორის არიან უკრაინელი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რინატ ახმეტოვი, იგორ კოლომოისკი, არსენი იაცენიუკი, ნესტორ შუფრიჩი, სერგეი ტარუტა და სხვები. ე.წ. ნაციონალიზებული აქტივები მიწის ნაკვეთებსა და უძრავ ქონებას მოიცავს, რასაც ოკუპანტი ხელისუფლება აუქციონზე გატანას უპირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ