2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთის  კრიპტომაინინგისა და ფეროშენადნობთა საწარმოების მოხმარების შემცირების ფონზე  შენელდა

ელექტროენერგიის მოხმარებამ 2022 წელს რეკორდულ 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია (+3.1% წ/წ). თუმცა, მზარდი ტენდენცია აფხაზეთის, კრიპტომაინინგისა და ფეროშენადნობთა საწარმოების მოხმარების შემცირების ფონზე 2023 წლის პირველ 9 თვეში შენელდა და მოხმარება წლიურად 8.3%-ით, 9.8 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, საცალო მომხმარებლების კატეგორია მოხმარების მცირედ ზრდას აჩვენებს - ამის შესახებ tbc კაპიტალის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში წერია.

პუბლიკაციის მიხედვით, 2022 წელს, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში წინა წელთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. გამომუშავების ზრდა დაფიქსირდა როგორც ჰიდროსადგურების, ასევე, თბოსადგურების და ქარის სადგურის მიერ. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში გენერაციამ 11.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია (+2% წ/წ), მეტწილად თბოგენერაციის ხარჯზე.

საშუალოვადიან პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5%-ის ფარგლებში გაიზრდება და 2026 წლისთვის, ელექტროენერგიის მოხმარება 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.

რაც შეეხება ექსპორტს, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 84.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 0.97 ტვტ.სთ ელექტროენერგია, ხოლო 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 103.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1.5 ტვტ.სთ. შემოსავლების ზრდის ძირითადი ფაქტორები თურქეთში არსებული მაღალი ფასები და შიდა გაზრდილი გამომუშავებაა.

2015-დან 2022 წლის ჩათვლით ენერგოსისტემას ჯამურად დაახლოებით 1031 მგვტ სიმძლავრე დაემატა, მათ შორის ორი თბოსადგური და ერთი ქარის სადგური.

თამარ მუკბანიანი