გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველთან ერთად საქველმოქმედო აქციას აგრძელებს

გამომცემლობა „პალტრა L“ აგრძელებს საქველმოქმედო აქციას - „გადაიხადე რამდენიც გინდა“. აქციის ფარგლებში მკითხველებს საშუალება აქვთ, სასურველ ფასად შეიძინონ ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და გადახდილი თანხით თბილისის უსინათლო და მცირემხედველთა სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო სერვისები დაუფინანსონ.

„პალიტრა L“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აღნიშნულ აქციას უკვე წლებია ახორციელებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეხმარება. ამასთან, პროექტი მკითხველს საქველმოქმედო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს.

უფრო კონკრეტულად, აქციის ფარგლებში შერჩეულ წიგნებს არ აქვს ფიქსირებული ღირებულება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მკითხველის მიერ 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად მოხმარდება ბენეფიციარებს.

შემოდგომის საქველმოქმედო აქცია გამომცემლობამ 27 ოქტომბერს დაიწყო და ტირაჟის ამოწურვის შემდეგ დასრულდება. როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, მკითხველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მომდევნო დღეებში ინტერესის კიდევ უფრო მეტად ზრდას ელოდებიან.

ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები მთელი საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის“ ფილიალებშია ხელმისაწვდომი. თითოეულ მკითხველს აქვს საშუალება, ორივე მათგანი შეიძინოს და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

აქციას - „გადაიხადე რამდენიც გინდა“, „პალიტრა L“ კვლავაც გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქველმოქმედების პოპულარიზაციას, ისე წიგნების გავრცელებასა და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

(R)