მარიამ ქვრივიშვილი - პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა - 3,3 მილიარდი აშშ დოლარი

პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლებმა 3,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ტურიზმის ინდუსტრიიდან რეკორდული შემოსავალია ქვეყნის ეკონომიკაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა ძალიან სწრაფი, ჯანსაღი დინამიკით მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ეს სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გავზარდოთ, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები ევროპის, ყურის ქვეყნების, ასევე ე.წ „შორი მანძილის“ ქვეყნებიდან. როგორც დღეს გამოქვეყნებული შედეგები ადასტურებს, ეს ყველაფერი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, შემოსავლების ზრდასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებაზე ძალიან დადებითად აისახება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

„2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი - 3,251,651,900 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 25.9%-ით აღემატება. 2022 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 29.2%-ითაა გაზრდილი.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 1,447,121,966 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 28.4%-იანი ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები 5.3%-ითაა (72,468,664 აშშ დოლარით) გაზრდილი“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.