გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში ინვესტირების თაობაზე რამდენიმე შეთანხმება გაფორმდება

"ფორმდება 12 მილიონ დოლარიანი შეთანხმება"

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ინვესტირების თაობაზე რამდენიმე შეთანხება გაფორმდება. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთია საქართველოში ახალი კლინიკის მშენებლობის თაობაზე შეთანხმება, რომლის ღირებულებაც 12 მილიონ დოლარს შეადგენს. "EBRD-ის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში ბიზნესფორუმიც იმართება, რომელზეც ქართული კომპანიები თავიანთ პროექტებს დასაფინანსებლად წარმოადგენენ. ასევე დაგეგმილია ხელისმოწერა საქართველოში ინვესტირების თაობაზე რამდენიმე შეთანხმებაზე. "ფორმდება 12 მილიონ დოლარიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ინფექციური კლინიკის ტერიტორიაზე ახალი კლინიკა აშენდება და მას EBRD-თან ერთად დააფინანსებს კომპანია "ავერსი". ეს იქნება თანამედროვე უახლოესი სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება რუსთაველის თეატრში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ნათლად წარმოაჩინა ის მიზეზები, თუ რატომ არის საქართველო მათთვის რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანა. "ძალიან სასიხარულოა, რომ EBRD-ის პრეზიდენტმა ნათლად განმარტა ის მიზეზები თუ რატომ არის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში და რატომ ტარდება წელს მათი ყოველწლიური შეხვედრა თბილისში. მან ნათლად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაც", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.