საფრანგეთი ევროკომისიას ინგლისური ენის უპირატესობის გამო უჩივის

საფრანგეთი ევროკომისიას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში იმის გამო უჩივის, რომ ბლოკის აღმასრულებელი სტრუქტურა თანამდებობის პირების დაქირავებისას ინგლისურ ენას ანიჭებს უპირატესობას. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევრო-ინგლისურისა და ინგლისური ენის გამარტივებული ვერსიის გამოყენება, რომელსაც უცხოელები მიმართავენ, ევროკავშირში ფართოდ გავრცელდა, საფრანგეთი კი ყოველთვის ცდილობდა, ბრიუსელის ბიუროკრატებს ფრანგულად ელაპარაკათ.

ამდენად, პარიზი ევროკავშირს ახალი თანამშრომლების დაქირავებისას ინგლისურ ენაზე ჩატარებული შეფასებების საფუძველზე უჩივის და მართლმსაჯულების სასამართლოში ორი საჩივარი შეიტანა. ერთ-ერთი მათგანი გუშინ გასაჯაროვდა.

მასში წერია, რომ ბრიუსელი ამჟამად ახალ თანამშრომლებს კოსმოსის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში შერჩევის მეთოდით ქირაობს. თუმცა ეს პროცესი მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩატარებულ ტესტებს მოიცავს. პარიზი ამტკიცებს, რომ ეს კრიტერიუმები, კონკურენტებთან შედარებით, უპირატესობას ინგლისურენოვან კანდიდატებს ანიჭებს.

პერსონალის შერჩევის ევროპული ოფისი, რომელიც სამახურში მისაღებად ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ დადგენილ გამოცდებს ატარებს, შერჩევის თითოეული პროცედურისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს რეგულარულად აქვეყნებს. საფრანგეთმა შარშან და წელს გამოქვეყნებული ორი ასეთი კრიტერიუმი მანამდეც გაასაჩივრა. ისინი მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩატარებულ ზოგიერთ გამოცდას შეეხებოდა.

საერთო სასამართლო, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებთან დაკავშირებით დავებს განიხილავს, ამ საკითხზე, სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას. მან ადრე გააუქმა კონკურსები ენის არჩევის ზედმეტი შეზღუდვის გამო, ხოლო ამ წლის დასაწყისში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მსგავს საქმეებში იტალიისა და ესპანეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ასეთი საქმეებისთვის საბოლოო სააპელაციო სასამართლოა.

საფრანგეთისთვის მხოლოდ ინგლისური ტესტები დისკრიმინაციულია და ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს. ბლოკის წესებით, ევროკავშირის ყველა მოქალაქეს, ეროვნების გნურჩევლად, თანაბრად უნდა მოეპყრონ. ამასთან, სამსახურში თანამდებობის პირთა მიღების წესები ენობრივი ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს და მას მხოლოდ გარკვეულ პირობებში უშვებს. ფრანგების მტკიცებით, „ეს არაინგლისურენოვანი კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციას ახდენს,“ რაც მხოლოდ საფრანგეთის ბრძოლა არ არის, რადგან იმავე შეშფოთებას სხვა წევრი ქვეყნებიც იზიარებენ. მაგალითად, წყაროს ცნობით, საფრანგეთის პოზიციას იტალიაც ემხრობა.

ევროკავშირის 24 ენიდან ფრანგული ერთ-ერთი ოფიციალური ენაა, ხოლო ინგლისურთან და გერმანულთან ერთად არაოფიციალურად ევროკომისიის სამუშაო და ერთ-ერთ სალაპარაკო ენად ითვლება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ