დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბანოთუბნიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის შესაბამისი კვლევები ჩატარდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შეექმნას.
„გვქონდა იდეა, რომ კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა, აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვემოთ ჩაგვეტანა, გვირაბები გაგვეკეთებინა, ზემოთ კი რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო. პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, არსებობდა საფრთხე, რომ იქ არსებული ხე-მცენარეები ამას ვერ გაუძლებდა და მათი მოჭრა გახდებოდა საჭირო. შესაბამისად, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყო კვლევითი სამუშაოები, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პროექტის ისე განხორციელება, რომ ხეები არ მოგვეჭრა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება იმ ფორმით, რა იდეაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, თუმცა გორგასლის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი სრულად რეაბილიტირდება.
„კვლევები ჩატარდა დენდროლოგის, ინჟინრის, გარემოსდაცვის და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნას, დაახლოებით, 360 ასწლოვან ხეს. მთელი ამ ქუჩის სილამაზე ამ ხეებშია და სწორედ ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. მათი უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია. შესაბამისი გამტარიანობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრის ხეების დაზიანებას და გზის დავიწროებას, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ისე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება. პროექტის იმ ფორმით განხორციელება ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება და მაინც ლამაზი სივრცე გამოვა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში დააანონსა. ივნისში უკვე ტენდერიც გამოცხადდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, საპროექტო ტერიტორია მოიცავდა დაახლოებით 9 ჰექტარს - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მეტეხის ხიდიდან 300 არაგველის ხიდამდე. თუმცა, 2019 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ გორგასლის ქუჩის განახლების მიზნით გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ მიიღო.
იხილეთ ასევე:
გორგასლის ქუჩაზე საავტომობილო გზის მიწისქვეშ ჩატანა ვეღარ მოხდება - რას გეგმავს მერია?
როგორი იქნება განახლებული გორგასლის ქუჩა (+ფოტო)
ვახტანგ გორგასლის ქუჩის განახლების მიზნით გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა