EBRD-ი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა. მისი თქმით, ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა.  "ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ჰიდროენერგეტიკაა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით დავაფინანსოთ ნენსკრას პროექტი," - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბანკის მხრიდან ოფიციალური დადასტურება გუშინ გაჟღერდა, რაც პროექტის წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტია.

"ჩვენ K Water-თან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რათა EBRD-ს მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში და ძალიან მიხარია, რომ მათ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და 200 მილიონ აშშ დოლარამდე გამოყოფენ ამ პროექტის დასაფინანსებლად. მათ გარდა, საბანკო სესხის კომპონენტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკი და კორეის "ექსიმ ბანკი," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.

ივლისის თვიდან იგეგმება მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.