საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის და სტრუქტურული ოპტიმიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უწყების დებულებაში რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ძალაში 1-ელი ნოემბრიდან შედის.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცვლილებების აუცილებლობა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერებამ და ახალი ფუნქციების დამატებამ განაპირობა.
„მიღებული ცვლილებების თანახმად: სააგენტოს თავმჯდომარეს ორის ნაცვლად ერთი მოადგილე ეყოლება; იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული - სასწავლო-კვლევითი ცენტრი, რომელიც როგორც შიდა - სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ასევე გარე - დაინტერესებული მხარეების სასწავლო პროექტების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი; ძლიერდება კომუნიკაციის დეპარტამენტი საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულებით; იქმნება ქოლ-ცენტრი სააგენტოში შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისა და მონიტორინგის წარმოების მიზნით; იხვეწება შიდა აუდიტის ფუნქციები და ძლიერდება ფინანსურ ადმინისტრაციული მიმართულებები; „ელექტრონული კომერციის“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ახალი ფუნქციები ემატება; ზუსტდება კონფიდენციალურ ინფორმაციასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილებები ხორციელდება USAID--ის პროგრამის HICD პროექტის ფარგლებში ჩატარებული სააგენტოს ფუნქციონალური ანალიზის შედეგების თანახმად. ცვლილებები სააგენტოს დაფინანსების მოცულობაზე გავლენას არ ახდენს.
ამ დროისთვის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.