პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად, მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების საკითხს საკანონმდებლო დონეზე აწესრიგებს.
კანონში ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. ცვლილება არეგულირებს გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის საკითხს, ასევე ახლებურად განიმარტება ტერმინები „სტაჟირება“ და „სტაჟიორი“.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით.
„ცვლილებით განსაზღვრულია 2 კატეგორია. ჩვენ გათანაბრებული გვაქვს ანაზღაურება საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილ პირველ სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. ამავდროულად, ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ და თუ სტაჟიორი იქნება ამ მიმართულებით და ამასთანავე, უწყებას ექნება ამის საშუალება, მას შეუძლია სტაჟიორს განუსაზღვროს ანაზღაურება, რომელიც იქნება არაუმეტეს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტისა, რაც დაახლოებით 1 000 ლარის ოდენობაა“, - აცხადებდა ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.