ფინანსთა მინისტრი აშშ-ის ხაზინის დელეგაციას შეხვდა

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა აშშ-ის ხაზინის დელეგაციის ხელმძღვანელს მარისა ლაგოს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აშშ-ის ხაზინას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების სამსახური უწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობისა და იმ ზეგავლენის შესახებ, რომელიც რეგიონში, მათ შორის, რუსეთში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია ქვეყანაში. ნოდარ ხადურმა ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც მთავრობას აქვს დაგეგმილი, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენცია. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო გააქტიურებას, რაშიც დონორთა მხარდაჭერის იმედი აქვს.

აშშ-ის ხაზინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზება და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფორუმი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, წარმოაჩინოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები.