რუსთავში 97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

რუსთავში 2023 წლის განმავლობაში 97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო.

„ქალაქის მერი, მონიტორინგის მიზნით, აფხაზეთის, რჩეულიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე იმყოფებოდა. ნინო ლაცაბიძემ #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაციის, ასევე ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე - „თავისუფლების რაშების“ სკულპტურის მონტაჟისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა.

აფხაზეთის ქუჩაზე გზისა და ტროტუარების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რჩეულიშვილის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია, რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში კი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება რუსთაველის ქუჩის #11, 15, 17, 19, 20, 22, 24, 26, 28, ბათუმის ქუჩის #14 და ასლანიკაშვილის ქუჩის #12 საცხოვრებელ შენობებს.

რუსთაველის ქუჩის პროექტის პარალელურად, ძველ რუსთავში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ პირველ საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის გამაგრება-რესტავრაცია, შიდა სარემონტო სამუშაოები, ორივე ფლიგელისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, გათბობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი ხორციელდება. ამ ეტაპზე კი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ასევე რეგიონიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება. სამუშაოები ჯამში ქალაქის 259 ლოკაციაზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.