იუსტიციის სამინისტრო - თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები" – თბილისში ჩატარება ქართული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა.

„უნიკალური პლატფორმა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნოს ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სისტემებში მიღწეული პროგრესი და გაიზიაროს წამყვანი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა ივან მალენიცამ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, EuroPris-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საბინე მახლიმ.

კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

ღონისძიების მიმდინარეობის პარალელურად, მოწყობილია თემატური გამოფენა, რომელზედაც უცხოელ და ქართველ დელეგატებს შეუძლიათ, გაეცნონ ქართულ წარმატებულ რეფორმებს: PROBBOX-ს; „რე-მარკეტს"; იუსტიციის სახლის კუთხეს პენიტენციურ დაწესებულებებში, ვიზუალურ მასალას „ციფრული უნივერსიტეტისა" და ლაითურში ახალაშენებული პენიტენციური დაწესებულების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში ჩანიშნულია ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან; გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები; შედგება ვიზიტები თბილისის იუსტიციის სახლსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; 3 ნოემბერს კი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.