სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში უკრაინამ 3 მლრდ დოლარი იზარალა - Bloomberg

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორებმა თითქმის 3 მლრდ დოლარი იზარალეს. ამის შესახებ Bloomberg-ი ქვეყნის ეროვნული ბანკის დახურულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს წყაროს თქმით, ეს მთლიანი თანხის 70-75%-ს შეადგენს, რომელსაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან მოვაჭრეები უკრაინის ფარგლებს გარეთ ინახავენ.

ოქტომბერში, უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი პიშნიმ, Forbes Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მთლიანობაში ექსპორტიორებმა ქვეყანას დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალი არ დაუბრუნეს. მისი თქმით, ეს დიდ გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკაზე, კერძოდ, ზრდის ზეწოლას ოქროსა და სავალუტო რეზერვებზე. ზოგიერთმა ექსპორტიორმა დაბრუნების ვადა მაქსიმუმამდე გადადო, მაშინ როცა წინა წელთან შედარებით ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა, პიშნიმ აღნიშნა, ზოგიერთი მოვაჭრე საერთოდ არ აბრუნებს ფულს.

გასულ კვირას კიევმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლი გაამკაცრა, კერძოდ:

  • ექსპორტიორი კომპანიების რეგისტრაცია სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო რეესტრში იმ პირობით მოხდება, თუ ეს არის მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ გადასახადის გადამხდელად არაუგვიანეს 2022 წლის 23 თებერვლისა;
  • სახელმწიფოსთვის უცხოური ვალუტის შემოსავლის დაბრუნების ვადა 90 დღემდე შემცირდა;
  • კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ დავალიანება უცხოური ვალუტის შემოსავლის დასაბრუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ ექსპორტის ლიცენზიის აღება;
  • კომპანიებს დღგ მხოლოდ უცხოური ვალუტის სახელმწიფოსთვის გადარიცხვის შემდეგ დაუბრუნდებათ.
ეკა დარჩიაშვილი