„100% დადებითი ფიდბექი, ცუდი ფიდბექია“ - ქართული AI აპლიკაციის დამფუძნებლის გზა საერთაშორისო აღიარებამდე და რჩევები დამწყებ სტარტაპერებს

ქართული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციამ, STORI AI -მ ჩამოყალიბება და განვითარება დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო.

სტარტაპმა, რომელიც რამდენიმე პროფესიის ადამიანებს ცვლის, მათ შორის - დამწყებ მარკეტინგებს, სოცმედია მენეჯერებს, ქოფირაითერებს და გრაფიკულ დიზაინერებს, მზარდი საერთაშორისო წარმატება უკვე მოიპოვა. STORI AI, ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით, რამდენიმე წამში აგენერირებს ბრენდს და ქმნის კრეატიულ მარკეტინგულ კონტენტს, როგორც ტექსტის, ისე ფოტოებისა და პოსტერების სახით.

ცოტა ხნის წინ STORI AI-მ Product Hunt- ზე დღის და კვირის საუკეთესო პროდუქტის სტატუსი ხმის დიდი უპირატესობით მოიპოვა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. საერთაშორისო ბაზარზე მოასპარეზე პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტის მქონე სტარტაპის დამფუძნებელმა, სანდრო ოქროპირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რასაც მკითხველი ჩვენგან პირველად გაიგებს:

22-1698912833.jpg

როგორ მიხვედით STORI AI-მდე, რა იყო თავიდან თქვენი მიზანი?

ყველაფერი დაიწყო დაახლებით წელიწადნახევრის წინ, 34 წლის ვიყავი...

საქართველოში კომპანიები მაინცდამაინც არ არიან გაციფრულებულები და გვინდოდა ეს შეგვეცვალა. დავიწყეთ საიტების კეთების კომპანიით: მომხმარებელს შეეძლო შემოსულიყო ჩვენს სტარტაპზე და მარტივად შეექმნა საიტი, რომელშიც დამზადების თანხას არ გადაიხდიდა, იქნებოდა მხოლოდ ყოველთვიური გადასახადი. თუმცა, პროცესმა დაგვანახა, რომ მომხმარებლები მზად იყვნენ თანხა გადაეხადათ, მაგრამ საიტს ვერ ვუშვებდით, იმიტომ, რომ ვერ გვაწვდიდნენ მასალას. თავიდან ვფიქრობდით, რომ მოწოდების პრობლემა იყო - გავაკეთეთ ფორმები, რომლებსაც მივეცით შესავსები გრაფების სახე, სადაც უნდა შეეყვანათ მონაცემები. თუმცა, მაინც არ იმუშავა. შემდეგ ინტერაქტიული “თული“ გავაკეთეთ, რომელიც კიდევ უფრო გაუადვილებდა მათ პროცესს, მაგრამ მაინც არ იმუშავა... ბოლოს მივხვდით, რომ მთავარი პრობლემა კონტენტის მოწოდება კი არა, იყო ის, რომ კომპანიებს საერთოდ არ ჰქონდათ ბრენდირებული კონტენტი.

შევქმენით ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტენტის გენერირების ხელსაწყო საიტებისთვის, სადაც სურათიდან გენერირდებოდა ტექსტები. პროცესში გამოჩნდა, რომ ეს პრობლმა უფრო დიდ მასშტაბში იდგა სოც-მედია არტიკლების, ბლოგებისთვის, იმიტომ, რომ საიტი შეიძლება წელიწადში ერთხელ განაახლო, ამ შემთხვევაში კი ყოველდღიურად საჭიროა განახლება. ასე გავაკეთეთ STORI AI.

რას სთავაზობს მომხმარებლებს STORI AI და როგორ მუშაობს?

დღეს რამდენიმე სახის მომხმარებელი გვყავს: მცირე და საშუალო კომპანიები, სოც-მედია მენეჯერები, მარკეტერები და მარკეტინგული სააგენტოები.

მცირე და საშუალო კომპანიების, სტარტაპებისა და მსგავსი სახის ორგანიზაციებისთვის გენერირდება ბრენდი და ბრენდბუქი. სწორედ ამ გაიდლაინებს მიჰყვება მთლიანი კონტენტის გენერირება.

STORI AI აძლევს კომპანიებს საშუალებას კონკრეტული ფაქტი ლამაზად იყოს მიწოდებული კონკრეტულ სოც-მედიაზე მყოფი აუდიტორიისთვის მორგებული ბრენდის ფერებში, ტონალობაში და ა.შ. ყველაფერი თავიდან ბოლომდე კეთდება ჩვენს პლატფორმაზე.

რაც შეეხება სოც-მედია მენეჯერებს და მარკეტერებს, მათ ჰყავთ თავისი კომპანიები, რომლებსაც კონტენტს უკეთებენ. ჩვენთან არის გუნდის ფუნქციონალიც, სადაც შეგიძლია მოიწვიო სხვა წევრები როგორც შიდა გუნდიდან, ასევე გარეშე წევრებიც, მაგ: დიზაინერი, კომპანიის მენეჯერი და ერთად იმუშაონ.

STORI AI-ს საშუალებით შესაძლებელია ბევრი ბრენდის მართვა ღილაკზე ერთი დაჭერით.

333-1698912865.jpg

როგორია თქვენი ფინანსური მიღწევები?

სტარტაპმა ფინანსურად საოცრად გაამართლა. მოვიგეთ “ჯიპას“ გრანტი. 500 Global-სგან მივიღეთ 100 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია. გუშინ გავეშვით ერთ-ერთ ყველაზე დიდ პლატფორმაზე AppSumo.com™-ზე და იქ უკვე მიდის გაყიდვები. მათი პროგნოზია, რომ ნახევარი მილიონი დოლარის მომსახურებას გაყიდის.

ჩვენი მომხმარებლების 40% ამერიკიდან არის, დანარჩენები თანაბრად არიან გადანაწილებული ევროპულ ქვეყნებში. ასევე გავუშვით სულ ახალი ფუნქციონალი. დღეის მდგომარეობით 3 500 -მდე მომხმარებელი გვყავს.

დაამატებთ თუ არა ქართულ ენას მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში?

რეალურად, ქართული ენა დამატებული გვაქვს. უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ქართულად ცუდად მუშაობს. დანარჩენი - ინტერფეისი და გადართვა არის. უბრალოდ, AI-ს რომ ქართული ვასწავლოთ, ეს ჩვენი რესურსით ფაქტობრივად, შეუძლებელია.

რას ურჩევთ ახალგაზრდა ენთუზიასტებს, ვინც ახლა გეგმავს სტარტაპის დაწყებას, წარმატების მისაღწევად?

იდეაზე არ ფოკუსირდნენ, მოუსმინონ მომხმარებელს. 100% დადებითი ფიდბექი, ცუდი ფიდბექია. რაც შეიძლება მალე უნდა გაუშვან პროდუქტი ბაზარზე და მოისმინონ მომხმარებლის უკუკავშირი. სწორედ მაგის მიხედვით უნდა ააგონ პროდუქტი. მუდმივად უნდა იყვნენ მზად მიმართულების ცვლილებისთვის და თავიდან არსებული იდეის ბოლომდე გატანაზე არ შეყოვნდნენ.

გახსოვდეს, შენ მომხმარებელს უწევ სერვისს. მომხმარებელია ის, ვინც იხდის, ამიტომ მიეცი მას ის, რაც უნდა.

ფოტო: DataFesttbilisi2022

თეონა რამაზაშვილი