მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა ოქტომბერში 50 მლრდ დოლარამდე დაკარგა - Forbes-ის უახლესი რეიტინგი

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის, 50 მლრდ დოლარით შემცირდა. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

კერძოდ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა 35 მლრდ დოლარი დაკარგა, რაც მისი ქონების 14%-ია. ეს Tesla-ს აქციების 20%-იანი ვარდნის გამო მოხდა. თუმცა 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება, რა სტატუსსაც ის მთელი 2022 წლის განმავლობაში ატარებდა.

ფრანგული ფუფუნების საქონლის მწარმოებელი ჯგუფის, LVMH-ის (LVMH Moet Hennessy - Louis Vuitton) მფლობელი, ბერნარ არნო, რომელიც ზემდიდრების რეიტინგში მეორე ხაზს იკავებს, ოქტომბერში 10 მლრდ დოლარით გაღარიბდა. ეს ჯგუფის აქციათა ფასის 5%-იანმა ვარდნამ განაპირობა.

შემცირდა პროგრამული უზრუნველყოფის მაგნატისა და Oracle Corporation-ის დამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონებაც. იმის მიუხედავად, რომ ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, გასული თვის განმავლობაში Oracle-ის აქციების 3%-იანი ვარდნის გამო ელისონმა 5 მლრდ დოლარი დაკარგა. ამჟამად Forbes მის ქონებას 131 მლრდ დოლარად აფასებს.

Google-ის თანადამფუძნებლებს, ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს, წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში ქონება სათითაოდ, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარით შეუმცირდათ. Alphabet-ის აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც ღრუბლოვან გამოთვლით ბიზნესში კომპანიის მიერ გასაჯაროვებული კვარტალური მოგება შემოსავლების უფრო ნელ ზრდას მოიცავდა, ვიდრე ამას ანალიტიკოსები მოელოდნენ. 25 ოქტომბერს კომპანიის აქციები ერთ დღეში 10%-ით დაეცა.

ამასთან, Forbes-ის ექსპერტებმა შენიშნეს, რომ Meta-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერის ქონება, დაახლოებით, 300 მლნ დოლარით გაიზარდა და ამჟამად ის 106,9 მლრდ დოლარად არის შეფასებული. Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელ Meta Platforms-ის აქციების ზრდის გამო ცუკერბერგი ზემდიდრების რეიტინგში მერვედან მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.

Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის მთლიანი ქონება 1 ნოემბრისთვის 1,32 ტრლნ დოლარად შეფასდა.

1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის Forbes-ის რეიტინგი ასეთია:

  • ილონ მასკი (52 წლის) - Tesla, SpaceX, X (Twitter). 217,3 მლრდ დოლარი
  • ბერნარ არნო (74 წ) - LVMH. 177,7 მლრდ დოლარი
  • ჯეფ ბეზოსი (59 წ) – Amazon. 155,9 მლრდ დოლარი
  • ლარი ელისონი (78 წ) - Oracle. 130,9 მლრდ დოლარი
  • უორენ ბაფეტი (93 წ) - Berkshire Hathaway. 114 მლრდ დოლარი
  • ბილ გეითსი (67 წ) – Microsoft. 110,3 მლრდ დოლარი
  • მარკ ცუკერბერგი (39 წ) - Facebook/Meta. 106,9 მლრდ დოლარი
  • ლარი პეიჯი (50 წ) – Google. 105,1 მლრდ დოლარი
  • სტივ ბალმერი (67 წ) – Microsoft. 102,4 მლრდ დოლარი
  • სერგეი ბრინი (50 წ) – Google. 101 მლრდ დოლარი

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი - ფრანგი ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსია. 1 ნოემბრის მდგომარეობით, მისი ქონება 84,4 მლრდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში ის მე-14 ყველაზე მდიდარი ადამიანია. მეიერსის ქონება კოსმეტიკურ გიგანტ L'Oreal-ის წილებს მოიცავს, რომელიც მან მემკვიდრეობით გარდაცვლილი დედისგან მიიღო. L'Oreal ფრანსუაზას ბაბუამ დააფუძნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ