ნოდარ ხადური: EBRD-ის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში არის 2,3%

EBRD-ის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში არის 2,3% და ეს ყველაზე მაღალია ჩვენს მეზობელთა შორის, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,3%-მდე შემცირდა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, გასული წლის ბოლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნებოდა გაცილებით მაღალი - ორჯერ მაღალი მაინც, ვიდრე ის პროგნოზებია, რომელიც დღეს კეთდება. "მიმდინარე მოვლენებმა და ეს არ უკავშირდება მხოლოდ რუსეთს, თუმცა დიდ წილად გამოწვეულია ამ პროცესებით, მათ შორის ნავთობის ფასების კლების გამო, საერთაშორისო ორგანოზაციამ მიიღო გადაწყვეტილება და გადახედა პროგნოზებს მთელი მსოფლიოს მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება 2%, ის ყველაზე მაღალია მეზობლებში. ისევე როგორც დღეს მქონდა საუბარი პრეზიდენტ ჩაკრაბარტისთან, EBRD-ის პროგნოზი არის 2,3% და ის ასევე ყველაზე მაღალია მეზობელთა შორის. ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს დამშვიდების შესაძლებლობას, ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მაღალი ზრდა", - განაცხადა ხადურმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ძალიან ცვალებად გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. "მინდა ნავთობზე დავაკონკრეტო რას ვგულისხმობ. ერთი მხრივ, თითქოს ნავთობის ფასის გაიაფებას უნდა გამოეწვია იაფი ნავთობი და ეკონომიკის აღმავლობა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზრების დიდი წილი მოდის ქვეყნებზე, რომლებიც არიან ნავთობის იმპორტიორები, მაგალითად აზერბაიჯანი, რუსეთი, ამ ქვეყნებში შემცირებულმა შემოსავლებმა გამოიწვია ამ ქვეყნებში ექსპორტის შემცირება; შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ის ეფექტი ვერ მივიღეთ ნავთობის გაიაფებისგან, რომელიც შეიძლება მიგვეღო", - აღნიშნა ხადურმა.

რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდს აქვს ცოტა სხვა პროგნოზი და ამ მაჩვენებელზე ხელისუფლება მუშაობს. "იმისთვის, რომ პროგნოზი გავაკეთოთ, უფრო მეტი ფაქტობრივი მასალა გვჭირდება", - აღნიშნა ხადურმა. მისივე თქმით, პროგნოზი ყოველთვის კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება, თუმცა პროგნოზის გაკეთება არის რთული.  "ადამიანებს ჩვევიათ პროგნოზირება და ეს კარგია, რადგან პროგნოზი გვიკეთებს გარკვეულ მიზანს, წერტილს საითკენაც მივდივართ. შემდეგ იქმნება ისეთი გარემოებები, რომელიც ხელს უშლის ამის განხორციელებას. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა", - აღნიშნა ხადურმა.