ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - თბილისის ტექნოლოგიური პარკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა

Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში ხელმისაწვდომია. კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პარკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას წინ კომპანია SpaceX-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტიური კომუნიკაცია უძღოდა, რომელსაც Starlink-ის პროექტი ეკუთვნის. „აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველო რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად განიხილეს, სადაც SpaceX - ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა. აღსანიშნავია, რომ SpaceX - მა საქართველოს ტექნოპარკები პარტნიორების პროგრამაში ჩასვა, რაც ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას უზრუნველყოფს. საქართველოს ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში სტარლინკის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს.

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები შეიქმნას. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ - ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ პირველად გამოითქვა ინტერესი. აღნიშნულს SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი მოჰყვა საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.