საქართველოდან ოქროს ექსპორტი გაიაფდა - სად და რა ფასად ვყიდით ძვირფას ლითონს

წელს 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქროს ექსპორტი გაიაფდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1,99 ტონა დაუმუშავებელი ოქროდან 63,382 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, შესაბამისად, 1 გრამის ღირებულებამ, საშუალოდ, 31,8 აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც შარშან, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში, 1.95 ტონა ოქრო 62,489 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა, ანუ, 1 გრამი საშუალოდ, 32.2 აშშ დოლარად.

საქსტატის მონაცემებით, წელსაც, როგორც სხვა წლებში, ყველაზე მეტი ოქრო შვეიცარიაში გავიდა - 1.81 ტონა (56,261 მლნ აშშ დოლარი), შემდეგია თურქეთი - 0.13 ტონა (4,887 მლნ აშშ დოლარი) და არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.05 ტონა (2,233 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, წელს, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2023 წლის 9 თვეში 68 ათასი აშშ დოლარის ოქრო შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 11.8 ათასი აშშ დოლარი.

ამასთან, წელს საქართველომ ოქროს იმპორტი მხოლოდ თურქეთიდან განახორციელა.

ნინი ქეთელაური