ნოდარ ხადურმა სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მორიგი შეხვედრა სამხრეთ კორეის დელეგაციასთან გამართა. ფინანსთა მინისტრი სამხრეთ კორეის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ჰუნგვან ჯოს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში კორეული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, განათლების სექტორი.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა კორეისთვის.  მისი განცხადებით, კორეა მოხარული იქნება, ქართულ მხარეს მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების შესახებ და აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, საქართველო შემოდგომით მზად იქნება ხელი მოაწეროს სამხრეთ კორეასთან შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას, რაც დამატებითი სტიმული იქნება სამხრეთ კორეული ინვესტიციების მოცულობის ზრდისთვის საქართველოში.

სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დღეს გამართული მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას შეუწყობს ხელს.