თურქეთმა ტურისტებზე ბინების გაქირავების წესები გაამკაცრა

თურქეთის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის საცხოვრებლის გაქირავების წესები გაამკაცრა. შესაბამისი დადგენილება სამთავრობო გამოცემა Resmî Gazete-ში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, საცხოვრებლის 100 დღემდე ვადით გაქირავებისას მესაკუთრემ შენობის ყველა მფლობელის თანხმობა უნდა მიიღოს. ასევე, მას თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსგან სპეციალური ლიცენზიის აღება დასჭირდება, რის საფასურსაც სამინისტრო დაადგენს. ეს სტუმრებთან კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა გაკეთდეს.

ამასთან, ნაქირავები შენობის შესასვლელთან სპეციალური აბრა უნდა დაიკიდოს, რომ ქონება ტურისტებზე არის გაქირავებული.

ლიცენზიის გარეშე საცხოვრებლის გაქირავებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა თითოეულ შენობაზე 100 000 თურქულ ლირას (3500 დოლარს) ითვალისწინებს. ჯარიმის მიღების შემდეგ მფლობელმა ლიცენზია 15 დღეში უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით 500 000 ლირით (17 600 დოლარით), ხოლო კიდევ 15 დღის შემდეგ 1 მილიონი ლირით (35 300 დოლარით) დაჯარიმდება.

დადგენილება, ასევე, კრძალავს საცხოვრებლის ქვეიჯარით გაცემას, რაც 100 000 ლირის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ამავე ოდენობის თანხის გადახდა მოეთხოვებათ მესაკუთრეებს, რომლებიც შესასვლელთან აბრას არ გამოფენენ.

ტურისტებისთვის საცხოვრებელი გრძელვადიანი, ანუ 100 დღეზე მეტი ვადით გაქირავებისთვის მფლობელებს, ასევე, ლიცენზიის აღება დასჭირდებათ, ხოლო თუ პირველი კონტრაქტიდან წელიწადში ოთხზე მეტი იჯარის ხელშეკრულება დაიდება, მფლობელს 1 მილიონი ლირის (35 300 დოლარის) ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ქირავნობის ბაზრის რეგულირების გამკაცრებაზე თურქეთის ხელისუფლების გეგმების შესახებ Bloomberg ოქტომბრის დასაწყისში წერდა. სააგენტოს ცნობით, ამ საკითხს მთავრობა ქვეყანაში საცხოვრებლის ფასებისა და იჯარის მკვეთრი ზრდის ფონზე იხილავდა, რაც ცენტრალური ბანკის მიერ 2021 და 2022 წლებში განაკვეთების შემცირების ციკლის შემდეგ სამომხმარებლო ინფლაციის აფეთქებამ განაპირობა.

თურქეთში, ასევე, სახლის მესაკუთრეებსა და მოიჯარეებს შორის სასამართლო დავების რაოდენობა მნიშვნელოვნად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ხელისუფლებამ წელიწადში ქირის 25%-ზე მეტად ზრდა აკრძალა. ამდენად, სახლის მფლობელები, რომლებსაც სასამართლო დავის თავიდან აცილება სურთ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ყოველდღიურ და მოკლევადიან გაქირავებას Airbnb-ისა და სხვა პლატფორმების საშუალებით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ