„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მზად არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ინიციატივას შეუერთდეს, რომლის მიხედვითაც, ქართველ ემიგრანტებს შეეძლებათ არჩევნებში ონლაინ მიიღონ მონაწილეობა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მზად არის ყველა პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანამშრომლოდ.
„არასამთავრობო ორგანიზაცია, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ემიგრანტებს ონლაინ ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ცხადია, უერთდება ამ ინიციატივას, მზად არის, აბსოლუტურად ყველა პარტიასთან ნებისმიერ ფორმატში სამუშაოდ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ცხადია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი, რომელიც ჩვენს ემიგრანტებს ეხებათ. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ მიიღონ. „ნაციონალურ მოძრობას“ ამის გამოცდილება აქვს. ონლაინ არჩევნების ჩატარება, ასე ვთქვათ, შიდა პარტიულ არჩევნებში გამოვიყენეთ, რომელშიც საქართველოს 50 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ, ცხადია უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან საკუთარი ოჯახების შესანახად არიან წასულები, საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცეთ, რაც არჩევნებში მათ ჩართულობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.