საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თბილისში ახლად აშენებული 138-ე საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ შენობაში გაგრძელება პირადად მიულოცა.
შესაბამის ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი ამილახვრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, შედეგად, საქართველოს მთავრობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო, ადაპტირებულ გარემოს უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის.
მისი თქმით, მასშტაბური პროექტების განხორციელებით უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
უწყების ცნობით, თბილისის 138-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლად აშენებულ შენობაში წარიმართება.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებსა და აღჭურვაზე 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში აშენებულ სამსართულიან შენობას, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები აქვს. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
თბილისის 138-ე საჯარო სკოლა 1967 წელს აშენდა და სიძველის გამო რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძველი შენობის ადგილზე ახალი სასკოლო კომპლექსის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელი მონაცემებით, სკოლაში 700-ამდე მოსწავლე სწავლობს, დასაქმებულია 44 მასწავლებელი, მათ შორის, 12 წამყვანი, 32 უფროსი პედაგოგია.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი მიმდინარეობს, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.