გიორგი აბაშიშვილის აზრით, ბიუჯეტის კორექტირება ნაადრევია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილის აზრით, EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების მიუხედავად, ბიუჯეტის კორექტირება ნაადრევია.

აბაშიშვილის განცხადებით, უმჯობესია საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება ემყარებოდეს უფრო სწორ გათვლებს, რომელიც 6 თვის ან ორი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე იქნება.  "ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ამ შემთხვევაში არ არის ახალი იმ თვალსაზრისით, რომ ამავე დროს სხვადასხვა შეფასებებით, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნებოდა, რაც თავიდან იყო დაანონსებული. ასე რომ, ბუნებრივია, მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე, მათ შორის რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, ზრდის შემცირება მოსალოდნელი იყო, ამ შემთხვევაში, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა EBRD-ის კვლევამ. თუმცა, ეს სიახლე არ არის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ იმ ფონზე, რომ ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა მოხდეს თუ არა ბიუჯეტის კორექტირება, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, ამ ეტაპისთვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მყისიერად დღის წესრიგში არ დგას. "უფრო მნიშვნელოვანია დაველოდოთ ორი კვარტლის მაჩვენებლებს, ერთია რომ 2,3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს EBRD-ს, მაგრამ იგივე წინა თვეების მაჩვენებლების მიხედვით ეკონომიკური ზრდა საქართველოში უფრო მაღალია, ამიტომ სჯობს უფრო ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა გარკვეული პარამეტრების ცვლილებამდე მიგვიყვანოს, ემყარებოდეს კიდევ უფრო სწორ გათვლებს, რომელიც იქნება 6 თვის ან 2 კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.