ირაკლი ღარიბაშვილი: თავისუფალი ბიზნესგარემო უცხოური კაპიტალის მოზიდვის დადებით ტენდენციას კიდევ უფრო გაზრდის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ საერთაშორისო რეიტინგები გააცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის შენობაში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში იმართება.

"ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს, კიდევ უფრო გაზრდის უცხოური კაპიტალის მოზიდვის დადებით ტენდენციას. მსოფლიო ბანკის "ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის" თანახმად, საქართველო მე-15 ადგილზეა. Heritage Foundation-ის უკანასკნელი კვლევა კი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში - გაუმჯობესება დაფიქსირდა 10-დან 4 კატეგორიაში: კორუფციისგან გათავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება და საჯარო ხარჯები. გარდა ამისა, Moody’s and Fitch-მა დაადასტურა, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB კატეგორიაშია, დადებითი და სტაბილური პროგნოზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროგნოზის პოზიტიურიდან სტაბილურ კატეგორიაში გადატანისას Fitch-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მხოლოდ და მხოლოდ გარე ფაქტორებს, რომლებიც საქართველოს კონტროლს არ ექვემდებარებოდა, რაც ძალიან დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო ჩვენი მარტივი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა. "ფორბსის" გადასახადების რეიტინგის თანახმად, საქართველო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში გადასახადების სიმარტივის კუთხით და ჩამორჩება მხოლოდ ყატარს, გაერთიანებულ საამიროებსა და ჰონკონგს. საინვესტიციო ფონდები ჩვენს ბაზარზე ახალშემოსულთათვის მხარდაჭერის გაზრდის მიზნით დაარსდა მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდები: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. საპარტნიორო ფონდი საჯარო სახსრებით უზრუნველყოფს საგანგებოდ შერჩეულ პროექტებს. ის ასევე სთავაზობს ხელშეკრულებათა სრულ პაკეტს თანამონაწილე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მზად არის საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განსახილველად. თანაინვესტირების ფონდის სახსრები მომდინარეობს კერძო საინვესტიციო ფონდებიდან და მოიცავს ისეთ მეწილეებს, როგორიცაა Abu Dhabi Group, the Ras Al Khaimah Investment Authority  (არაბთა გაერთიანებული საამიროები), Milestone International Holdings (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), KazTransOil, Chalik Holdings, and the State Oil Fund (აზერბაიჯანი). ინვესტორები და ინტელექტუალური საკუთრების უფლება საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, უზრუნველყოს ინვესტორთა და საკუთრების უფლებათა დაცვა და პატივისცემა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ჩვენ ვაარსებთ ინვესტორთა საბჭოს, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას დიალოგისთვის ბიზნესსაზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შორის, რათა მოხდეს ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შემდგომი განვითარება და ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას: ახლახან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას Microsoft Corporation-თან, რომლის თანახმადაც საჯარო უწყებებში გამოვიყენებთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. მთავრობა ასეთი ინიციატივებისკენ მოუწოდებს ჩვენს პარტნიორებს კერძო სექტორშიც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.