ვახტანგ ცინცაძე - რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა

ოქტომბრის თვეში ინფლაციამ 0.8% შეადგინა და ფაქტობრივად, ამ წლის აპრილიდან მოყოლებული, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს ქვევით ნარჩუნდება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, რომელმაც „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველომ რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ინფლაციისა და ინფლაციური მოლოდინების მოკვლევა საკმაოდ სწრაფად მოახერხა.

„ოქტომბრის თვეში ინფლაციამ 0.8% შეადგინა და ფაქტობრივად, ამ წლის აპრილიდან მოყოლებული, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს ქვევით ნარჩუნდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და იმ კოორდინაციით, რომელიც ეროვნულ ბანკთან გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მისი თქმით, ოქტომბრის თვეში სამომხმარებლო კალათაში ფასების შემცირება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის სურსათი და მედიკამენტები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, ხოლო 2024 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებლებთან იქნება მიახლოებული”, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.