უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერთან კახი კალაძესთან და მერის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან, ასევე ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრ, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის დასრულებულია ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.
„უკვე სრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ქუჩის ერთ მხარეს გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, ხოლო დანარჩენ ნაწილზე კი ასფალტის საფარი უახლოეს მომავალში დაიგება. უახლოეს მომავალში ასევე დასრულდება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, რაც აღნიშნულ არეალში მნიშვნელოვნად განტვირთავს და გააუმჯობესებს სატრანსპორტო მოძრაობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი თავისი მნიშვნელობით დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ეწყობა მიწისქვეშა კაბელ-არხები, რომელშიც საჰაერო სადენები განთავსდება. ამასთან, მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობა.
პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის დამცავი კედლები ეწყობა.
ამდენად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.