მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ პრეტენზიები გახშირდა - რაზე ჩივიან მომხმარებლები

წელს, გასულ წელთან შედარებით, მისო-ების მიმართ პრეტენზიები გახშირდა. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 946 საჩივარი დაიწერა, შარშან 9 თვეში - 750.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში პრეტენზიები დაფიქსირდა: სამომხმარებლო სესხებზე (77 განაცხადი), სალომბარდე სესხებზე (8 განაცხადი), ავტოსესხებზე (7 განაცხადი) მომენტალურ განვადებასა (3 განაცხადი) და ბიზნეს სესხებზე (3 განაცხადი).

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში შესული საჩივრებიდან 58 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 27 განაცხადი, სხვა გადასახდელებზე - 4 განაცხადი, თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე - 2 , ტრანზაქციებზე - 1.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში დაფიქსირებული 106 საჩივრიდან, 27 (25%) უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 72 (თითქმის 68%) საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 7 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკების, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.

ნინი ქეთელაური