Yandex-მა აფხაზეთი რუსი სერჩერების ტოპ 5-ეულში შეიყვანა

კომპანია Yandex-მა უცხოურ და შიდა ტურისტულ მიმართულებებზე რუსი მომხმარებლების საძიებო მოთხოვნები გააანალიზა და მისი წლევანდელი დინამიკა 2022 წელს შეადარა.

დადგინდა, რომ საზღვარგარეთ დასვენების დასერჩვის რაოდენობით წელსაც, ტრადიციულად, თურქეთი ლიდერობს, მეორე ადგილზე ეგვიპტეა, ხოლო მესამე ადგილს არაბეთის გაერთიანებული საემიროები იკავებს. შემდეგი საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთია, რომელსაც Yandex ცალკე ქვეყნად ასახელებს, ხუთეულს კი ჩინეთი ხურავს.

Yandex-ის მონაცემებით, კატეგორია „ტურიზმში“ საძიებო მოთხოვნების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.

ზოგადად, რუსებს უცხოურ კურორტებზე დასვენება წელს შარშანდელზე უფრო დიდხანს სურთ. კომპანიაში ამას იმით ხსნიან, რომ მეტწილად რთული ლოგისტიკა, გრძელი ფრენები და მომსახურების მაღალი ღირებულება მოკლე მოგზაურობას უაზროს ხდის.

კერძოდ, თუ 2022 წელს ერთდღიან დასვენებას Yandex-ის მომხმარებელთა 13% ეძებდა, წელს ეს მაჩვენებელი, თითქმის, განახევრდა და 7%-მდე დავიდა. ეს მაშინ, როცა ერთკვირიან მოგზაურობაზე წელს Yandex-დასერჩვები 5%-ით გაიზარდა და 30%-ს მიაღწია. თუმცა მოიკლო ათდღიანი მოგზაურობის მაჩვენებელმა, რომელიც 2022 წლის 29%-დან წელს 26%-მდე შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ