სუმა ჩაკრაბარტი: საქართველოში არის გარემო, სადაც ინვესტორს კაპიტალის დაბანდება არ ეშინია

საქართველოში არის გარემო, სადაც ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება არ ეშინია, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ EBRD-ის ფორუმის ფარგლებში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული და პოტენციური ინვესტორები დღეს უნიკალური შესაძლებლობის წინაშე დგანან. "რატომ არის საქართველო მიმზიდველი?! საქართველოში არის კარგი კერძო სექტორი. ჩვენ აქ დავიწყეთ მუშაობა 1993 წელს. დიდი ინვესტირება მოვახდინეთ სხვადასხვა სექტორებში, 2,6 მილიარდი დოლარი ყველაზე დიდი ინვესტიცია ერთ სულ მოსახლეზე. 2014 წელს ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ინევესტირება. 214 მილიონი დოლარით გავაგრძელებთ ამ ციფრის ზრდას. 2008 წელს საბანკო სექტორში, მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა ძალიან ბევრი მხრიდან განიცდიდა შეტევას, ჩვენ საკმარისად დიდი რესურსი ჩავდეთ სუფთა ენერგეტიკაში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და ეს საქართველოს მისცემს შესაძლებლობას ექსპორტირებაც კი მოახდინოს. ბევრი ბიზნესი გაძლიერდა და გახდა სერიოზულად კონკურენტუნარიანი და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ტრანსფორმაციაში წვლილი შევიტანეთ", - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორია არ არის მხოლოდ EBRD-ის ისტორია. "საქართველოს ისტორია არის ისტორია ისეთი ქვეყნისა, რომელსაც ეყო ძალა იმისთვის, რომ განეხორციელებინა სერიოზული რეფორმები. 189 ქვეყნიდან საქართველო კვლევაში მეთხუთმეტე ადგილზეა საქმის კეთების სიმარტივის კუთხით, ეს არის ნომერ პირველი ქვეყანა, ყოფილი დსთ-ს ტერიტორიაზე, ეს არის პიროვნების როლი, რაც ითავა საქართველომ რეფორმების კუთხით. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი კრიმინალთან ბრძოლის, კორუფციასთან ბრძოლის და საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე. საქართველოში არის ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა, არის გარემო, სადაც ინვესტორს არ ეშინია თავისი კაპიტალის დაბანდება", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტმა.

მისი თქმით, საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. "ჩვენ უფრო მეტსაც გავაკეთებთ, რომ გავამყაროთ მიღწეული. გავაგრძელებთ ეკონომიკური რეფორმების გატარებას", - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.