როგორია ევროკავშირის გენდერული თანასწორობა - EIGE-ის რეიტინგი

შვედეთი, ნიდერლანდები და დანია გენდერული თანასწორობით ევროკავშირის ლიდერები გახდნენ. 2023 წლის იდექსის რეიტინგს (Gender Equality Index 2023) გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი (European Institute for Gender Equality-EIGE) აქვეყნებს, რომელიც ამ რეიტინგს ყოველწლიურად ადგენს.

რეიტინგში ქვეყნები რამდენიმე ძირითადი ინდიკატორის მიხედვით არის შეფასებული: არის თუ არა ქვეყანაში სამსახურებრივი გენდერული დისკრიმინაცია, ანუ წმინდად „მამრობითი“ თუ „მდედრობითი“ პროფესიები; თანაბრად არიან თუ არა წარმოდგენილი მამაკაცები და ქალები სახელისუფლებო სტრუქტურებში; აქვთ თუ არა მათ თანაბარი წვდომის შესაძლებლობები ცოდნაზე; არის თუ არა დიდი სხვაობა მამაკაცისა და ქალის ხელფასებს შორის; ერთსა და იმავე დროს უთმობენ საკუთარ თავს, თუ ქალები დროს უფრო საოჯახო საქმეებზე ხარჯავენ; არის თუ არა მათი ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური და სექსუალური მაჩვენებლები ერთნაირი.

რეიტინგის ლიდერმა, შვედეთმა ევროპაში საუკეთესო შედეგი, თითქმის, ყველა პარამეტრით აჩვენა. თუმცა ხელფასების პარამეტრით მე-8, ხოლო საკუთარი თავისთვის დროის დათმობის მაჩვენებლით ქვეყანამ მე-3 ადგილი დაიკავა.

ნიდერლანდები, განსაკუთრებით, მამაკაცებსა და ქალებს შორის დროის თანაბარი განაწილებით გამოირჩევა, რითიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის მან პირველი ადგილი დაიკავა.

დანია სამუშაო ადგილზე მამაკაცებისა და ქალების თანაბარი შესაძლებლობებით, ასევე, საკუთარი თავისთვის დროის უზრუნველყოფით გამოირჩევა. ორივე მაჩვენებლით ქვეყანა ევროკავშირში მე-2 ადგილს იკავებს.

ევროკავშირის გენდერული თანასწორობის რეიტინგში ქვეყნების ტოპ 10-ული ასეთია:

  • შვედეთი
  • ნიდერლანდები
  • დანია
  • ესპანეთი
  • ბელგია
  • საფრანგეთი
  • ლუქსემბურგი
  • ფინეთი
  • ირლანდია
  • ავსტრია

EIGE-ის სრულ რეიტინგს რუმინეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ასრულებენ.

ყველა ინდიკატორისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა 100-დან, საშუალოდ, 70.2 ქულა დააგროვეს მაშინ, როცა შვედეთმა 82.2 ქულა მიიღო. ევროკავშირში საუკეთესო მდგომარეობა ჯანმრთელობის ერთნაირი მაჩვენებლებითა და ხელფასებში გენდერული თანასწორობის კუთხით აღმოჩნდა. ორივე პარამეტრით ბლოკის ქვეყნებმა 80 ქულაზე მეტი დააგროვეს. გენდერული ბალანსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პოლიტიკურ არენაზეა: ამ მხრივ ევროკავშირი მხოლოდ 59,1 ქულით შეფასდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ