საქართველო ინვესტორებს პოლიტიკური რისკებისგან დაზღვევას სთავაზობს

საქართველო ინვესტორებს პოლიტიკური რისკებისგან დაზღვევას სთავაზობს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტისას საერთაშორისო ორგანიზაცია ნიდა-სთან მოხდა შეთანხმება, ეს არის ორგანგიზაცია, რომელიც პოლიტიკური რისკებისგან აზღვევს.

ხადურის თქმით, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური რისკებისგან დაზღვევის აუცილებლობა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინვესტორი გამოთქვამს ამის ინტერესს, ქართული მხარე მზად არის მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველყოს რისკებისგან დაზღვევა. კიდევ ორი სიახლე, რომლის შესახებაც ხადური საინვესტიციო სესიის მონაწილეებს ესაუბრა, ეს არის საპენსიო რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევა. ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებაზე და განაცხადა, რომ ჯანდაცვის რეფორმა არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული რეფორმა. "ჩვენ ვახორციელებთ საპილოტო პროექტს, რომელიც "ცე" ჰეპატიტის ელიმინაციას მოიცავს. ეს პროექტი წარმატებით დაინერგა სასჯელაღსრულების სისტემაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დონორებს სთხოვა, მაქსიმალურად დააფინანსონ ეს პროექტი და საქართველომ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს.