საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ნოემბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. სებ-ის ცნობით, ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.
ამასთან, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
- 2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა.
- საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, საგარეო შოკების ფასებზე ზეწოლის განეიტრალება, მეორე მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება უწყობს ხელს.
- სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივი კლება და ტრანსპორტირების ღირებულების დაბალ დონეზე შენარჩუნება ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მყარ პოზიციასთან ერთად, საქართველოში დაბალ ინფლაციას განაპირობებს.
- ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით მოიკლო, და ოქტომბერში 4.5%-ს შეადგინა.
საბანკო სექტორი
- სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 14.9%-ით გაიზარდა.
- უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 50.2% შეადგინა.
- სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პპ-ით შემცირდა და 45.0%-ს გაუტოლდა.
საგარეო სექტორი
- იმპორტი - სექტემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 9.2%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო და საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.
- ექსპორტი - სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა.
- სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 163.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.