16-17 მაისს სტუდენტური კრეათონი ჩატარდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, 16-17 მაისს, სტუდენტური ბიზნეს აქსელერატორის Startup Nest-ის ფარგლებში, სტუდენტური კრეათონი ჩატარდება.

ორდღიანი კრეათონის მიზანია აღმოაჩინოს ინოვაციური იდეები და ხელი შეუწყოს მათ სტარტაპ კომპანიებად ჩამოყალიბებას. Startup Nest საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული არაკომერციული საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის 2-თვიანი პროგრამაა. პროგრამის პარტნიორების დახმარებით, როგორიც არის საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ბორჯომი, ბილაინი, მეტრა დეველოპმენტი და UGGYM, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და რესურსები შეიძინონ.

პროგრამაში 260-მდე აპლიკაცია შემოვიდა, საიდანაც 155 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. 16-17 მაისს კრეათონის შედეგად სტუდენტები ჩამოყალიბდებიან გუნდებად, რის შედეგადაც 2-თვიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო 10 გუნდი და მხოლოდ 1 გუნდი დაეუფლება საპრიზო 5000 ლარიან ფონდს, რომელიც 20 ივნისს ფინალურ შეჯიბრში გამოვლინდება.