საქართველოში მოგზაურების 6% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის - ტოპ-3 ქვეყანა ევროკავშირში, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში 5 566 980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 738 743, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 4 828 237 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 23.1%-ით ჩამორჩება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან (გაერთიანებული სამეფოს გათვალისწინებით) ჯამში 328 909 მოგზაური ექვია, ეს კი მთლიანი მოგზაურების 6%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 54.3%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს 14.7%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი - 73 129 მოგზაური საქართველოს პოლონეთიდან ეწვია, მას მოსდევს გერმანია - 54 332 მოგზაურით და მე-3 ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, საიდანაც 22 608 მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

თაია არდოტელი